weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ელჩი: EU არ ითხოვს სანქციებს, მაგრამ მოხარული ვიქნებით, თუ მოლდოვა მათ შეუერთდება

16:52 შაბათი, 09 ივლისი 2022

წევრობის კანდიდატი ქვეყნებისგან ევროკავშირი არ ითხოვს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. ამის შესახებ მოდლოვაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანის მაჟეიკსმა განაცხადა.

„პირველ რიგში, მე ამ სანქციებს არ ვუწოდებდი ანტირუსულს, რამდენადაც ეს არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, მაგრამ დაწესებულია კონკრეტული ნაბიჯების გამო. არ დავივიწყოთ, რომ სანქციების არსებობის მიზეზია რუსული აგრესია და უკრაინაზე თავდასხმა. ითხოვს თუ არა ევროკავშირი... ჯერ ერთი, არ ითხოვს, რამდენადაც გვესმის, რომ მოლდოვის რესპუბლიკას თავისი სპეციფიური მდგომარეობა აქვს და ყოველთვის არ იყო შესაძლებელი ამა თუ იმ ნაბიჯთან შეერთება, მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ განვითარდება მოლდოვა ამ მიმართულებითაც.

კანდიდატი ქვეყნების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი თავიანთ საგარეო პოლიტიკას თანადათან დაუახლოვებენ ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სანქციებთან მიერთების მკაფიო მოთხოვნა, ევროკავშირი მოხარული იქნება კანდიდატი ქვეყნებისგან ეს გადაწყვეტილება იხილოს.

„მაგალითად, სანქციები საერთო საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ასე რომ, არ არსებობს მკაფიო მოთხოვნა, მაგრამ მოხარული ვიქნებით, დავინახოთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა შეძლებს ამა თუ იმ სანქციასთან შეერთებას. ქალბატონმა პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ფინანსების სფეროში ეს სანქციები დე ფაქტო სრულდება“, – აღნიშნა მაჟეიკსმა მოლდოვის პირველ არხთან ინტერვიუში.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადეს, რომ სანქციების დაწესება ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. მათი თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.

„კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს“, – განაცხადეს „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა განმარტა, რომ ევროკავშირს მოლდოვისთვის სანქციებთან შეერთების პირობა არ წაუყენებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]