weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მორგოშია: „ალტ ინფოს“ თავმჯდომარე და გენმდივანი მოსკოვში პოლიტიკოსებს ხვდებიან

12:06 ოთხშაბათი, 13 ივლისი 2022

„კონსერვატიული მოძრობა/ალტ ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავა და გენერალური მდივანი შოთა მარტინენკო რამდენიმე დღით მოსკოვში გაემგზავრნენ.

„ხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკოსს. ძირითადი საკითხებია რაც შეიძლება მალე უვიზო რეჟიმის აღდგენა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები.

ვისაც ჩვენ შევხვედრილვართ - „გოსდუმის“ დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა შეწუხებულია და მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მალე იყოს უვიზო მიმოსვლა და პლუს ფრენები“, – ამბობს მორგოშია ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, „ალტ ინფომ“ საკუთარ თავზე დიდი ხნის უკან იკისრა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დასტაბილურების ერთ-ერთი გადამწყვეტი რგოლია“.

გარდა ამისა, მარტინენკო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მოსკოვში გაცილებით მეტ სიმპათიებს იმსახურებს, ვიდრე მისი წინამორბედი, თუნდაც იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა და ცდილობს „ევროპელებისგან მოხვეული უაზრო რიტორიკა თავზე არ მოიხვიოს“.

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფმა „ალტ ინფომ“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ გასული წლის ნოემბერში დააფუძნა. „ალტ ინფო“ 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად, 5 ივლისს, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ერთ- ერთი მათგანი „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად ცემეს. 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ სასამართლოს მიერ 217 482 ლარით არის დაჯარიმებული ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისა და შემოწირულებების დამალვის გამო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარტიის საქმიანობა უნდა აიკრძალოს, რასთან დაკავშირებითაც კონსტიტუციური სარჩელიც მოამზადა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ალტ ინფოს“ მრავალი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]