weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კობახიძე: ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს, იმედი გვაქვს რომ 2023 წელს მივიღებთ სტატუსს

11:11 ხუთშაბათი, 14 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეაფასა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო 12 პირობის შესრულებას არა წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს შეაფასებს.

კობახიძის თქმით, პირობების შესასრულებლად თავდაპირველად განსაზღვრული ექვსთვიანი ვადის უკან არავითარი ლოგიკა არ იდგა.

„უპრეცედენტო იყო ეს ექვსთვიანი ცაიტნოტი. არცერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ დადგენილი არ ყოფილა არასდროს – ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატ ან ასოცირებულ ქვეყნებს და ჩვენს შემთხვევაშიც გაურკვეველი იყო, რატომ იყო ასეთი ექვსთვიანი ვადის დადგენის საჭიროება. როგორც ჩანს, ევროკავშირმა, ევროკომისიამ ეს ყველაფერი გადაიაზრა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით –ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოს არაფერი დაუკარგავს და ადრე თუ გვიან კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„უმჯობესია მოხდეს ადრე და საუბარია 2023 წელზე, როდესაც ევროკავშირი ხელახლა გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ 2023 წელს მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ 2024 წელს გვქონდა დაგეგმილი განაცხადის შეტანა და ველოდებოდით, რომ იქიდან სადღაც ორ წელში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, როგორც ამას სტანდარტული პრაქტიკა ითვალისწინებს. როგორც წესი, ასე ხდება, რომ შენ რაღაც დონეს აღწევ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კუთხით, ამის შემდეგ შეგაქვს განაცხადი და დაახლოებით ორ წელიწადში, კარგი პრაქტიკა ასეთია, იღებ კანდიდატის სტატუსს.

ასეთი იყო გეგმა: 2024-ში განაცხადის შეტანა და 2026-ში სტატუსის მიღება, თუმცა ხედავთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს დაჩქარდება, ანუ საუბარია უკვე 2023 წელზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, არავითარი ისტორიული შანსი, რა თქმა უნდა, არ დაგვიკარგავს. ეს არის სპეკულაცია“, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება ზრუნვა“ იმაზე, რომ საქართველოს 2023 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]