weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წულუკიანი ზურაბიშვილს ადვოკატის სასწრაფოდ აყვანას ურჩევს

17:18 პარასკევი, 22 ივლისი 2022

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ურჩევს საკონსტიტუციო სასამართლოში თავის დასაცავად ადვოკატი აიყვანოს. წულუკიანის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ელჩის დანიშვნაზე უარის თქმით თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს გასცდა.

„ინტერვიუში და ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას.

რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად.

ჯერ ვერ ვიყოლიეთ ისეთი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორც საპარლამენტო მოდელია. რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი, რადგან ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს“, – განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.

თეა წულუკიანი პოტენციურ პრეზიდენტობის კანდიდატებს ურჩევს, სანამ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ჯერ კონსტიტუცია წაიკითხონ.

„რადგან თუ აგირჩევენ პრეზიდენტად, მერე აღარ მოგეწონოს ის უფლებამოსილებები, რომლისთვისაც იბრძოდი, რბილად რომ ვთქვა, არის უცნაური რეაქცია. დაუსრულებლად შეიძლება შეფასებების გაკეთება იმ გაუგონარ არგუმენტებზე, პოსტულატებზე, განცხადებებზე, რომელიც მრავლად მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში“, – განაცხადა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ თქვა, რომ საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე ერთადერთი ელჩია, რომლის დანიშვნაზეც ჯერ თანხმობა არ მიუცია. მთავრობამ ბაქრაძე გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე წარადგინა, პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ ის შესაფერისი კანდადატი არ არის.

„დავით ბაქრაძის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, ანუ რამდენიმე დღის წინ. მათი საკონსტიტუციო სარჩელი - თუ რაც არის, როგორც ეძახიან - დიდი ხნის წინ არის გადაცემული. იმ დროისთვის ოფიციალური და ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან წერილობით მოვიდა, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, მათ შორის ელჩების გამოწვევაზე. ბაქრაძეზე არ იყო მოსული და ახლა მოვიდა.

მაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში სარჩელი და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს ცნობილი ჩემი უმოქმედობა. ჯერ არ არის უმოქმედობა, იმიტომ, რომ 15 ივლისის წერილია და ვნახოთ, როგორი ქმედება მექნება ან უმოქმედობა“,  – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის სარჩელი, რომლიც ელჩის დანიშვნაზე პრეზიდენტის უარს ეხება, 10 ივნისს მიიღო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრის მომზადება მარტიდან დაიწყო. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი თქვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია და არ დაუდგენია, პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებამოსილება რამდენად ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და ზოგადად, როგორია ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]