დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ფირქრობენ, რომ ნედ პრაისის მიერ 20 ივნისს გაკეთებული კრიტიკული განცხადება, სადაც მან „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლი“ ახსენა, მათ ეხებოდა.
დეპუტატები წერენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ მინიჭება იყო „უხეში პოლიტიკური შეცდომა დასავლეთის მხრიდან“ და ქართველ ხალხი დასავლური პოლიტიკის მიმართ იმედგაცრუებულია.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი. ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა მოიცავს ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო.
მით უმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი გაგვაცნეს ევროპიდან, რომ უკრაინამ სტატუსი მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო!
არ გვინდა, ვიდგეთ მუდმივად NATO-ს მყარად დახურულ კარებთან და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს“, – წერს სამი დეპუტატი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა 20 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დროს, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ სწრაფვაში. ნედ პრაისმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და თქვა, რომ დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.