weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ელჩ დეგნანზე დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა არ შეესაბამება პარტნიორობას – პრაისი

10:46 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს „არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“.

დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა კელი დეგნანის მხარდამჭერი განცხადებით დაიწყო 20 ივლისს გამართული ბრიფინგი.

„ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.

თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში.

ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.

დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება“, – თქვა ნედ პრაისმა.

მისივე განცხადებით, დღეს შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყონ მშვიდობიანი მომავალი მთელი რეგიონისთვის.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა.

ნედ პრაისის ამ განცხადებას წინ უძღოდა ელჩი დეგნანისადმი საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის და წევრების კრიტიკა. „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. ვრცელ წერილში ყაველაშვილი წერდა, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, აშშ-ის მიერ დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. ყაველაშვილი წერდა, რომ სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნება დეგნანი მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას. დეპუტატი აღნიშნავდა, რომ „ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“ და როდესაც ელჩი ამ მოთხოვნას არ ემიჯნება, „ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერს, უარეს შემთხვევაში კი, ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, მისი მოფიქრებულია“.

მას შემდეგ, რაც კელი დეგნანმა თქვა, რომ ყაველაშვილის წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით იყო სავსე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ელჩი პარლამენტისა და სახელმწიფოსთვის შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.

მიხეილ ყაველაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებმა მმართველი პარტია დატოვეს. როგორც ისინი ამბობენ, პარტიის შემადგენლობაში ხალხისთვის „მეტი სიმართლის“ თქმას ვერ ახერხებდნენ, რადგან პარტიის ინტერესების დაზიანება არ სურთ. პირველი, ვინც „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ განაცხადა, ლაგოდეხის საკრებულოს წევრი გიორგი ღამბაშიძე იყო. მან ელჩ დეგნანს მიმართა, ყაველაშვილის წერილში არსებული ერთი ტყუილი დაესახელებინა.

15 ივლისს აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ და თქვა, რომ საელჩომ ნიკა გვარამიას საქმეზე 16 მაისს გამოტანილი განაჩენის გამო „ანგარიში მოსთხოვა“. მოსამართლე ამტკიცებს, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ საელჩოს წარმომადგენელმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხა და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება ამერიკის ელჩის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად შეაფასეს. ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ სასამართლო პროცესში აშშ-ის ჩარევის შესახებ ნებისმიერი ვარაუდი „უბრალოდ არ არის მართალი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]