weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

არ გვინდა ვიდგეთ NATO-ს დახურულ კართან და ვიღებდეთ EU-ის ქრონიკულ დაპირებებს – 3 დეპუტატი

18:52 პარასკევი, 22 ივლისი 2022

„საქართველომ გაიღო ყველაფერი, რათა გახდეს NATO-სა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენ ამისთვის ბევრჯერ დავღვარეთ სისხლი და აღარ ვაპირებთ უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული სამი დეპუტატის მიმართვაში, რომლის ადრესატი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისია.

დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ფირქრობენ, რომ ნედ პრაისის მიერ 20 ივნისს გაკეთებული კრიტიკული განცხადება, სადაც მან „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლი“ ახსენა, მათ ეხებოდა.

დეპუტატები წერენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ მინიჭება იყო „უხეში პოლიტიკური შეცდომა დასავლეთის მხრიდან“ და ქართველ ხალხი დასავლური პოლიტიკის მიმართ იმედგაცრუებულია.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი. ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა მოიცავს ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო.

მით უმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი გაგვაცნეს ევროპიდან, რომ უკრაინამ სტატუსი მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო!

არ გვინდა, ვიდგეთ მუდმივად NATO-ს მყარად დახურულ კარებთან და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს“, – წერს სამი დეპუტატი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა 20 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დროს, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ სწრაფვაში. ნედ პრაისმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და თქვა, რომ დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]