წერილში, რომელიც პარლამენტმა გამოაქვეყნა, სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე წერენ, რომ მათ მიერ კითხვების დასმის მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ მისი დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის დაცვა იყო.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ქართულ საზოგადოებას არ დაეკარგა ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ეჭვის დონეზეც კი არ დაეშვა, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედარებით უკეთ შესაკავებლად, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. ვფიქრობდით, რომ ამგვარი ეჭვის გაღრმავების შემთხვევაში, დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, რომლის გამყარებაშიც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, უმძიმესი ზიანი მიადგებოდა. უმთავრესი მიზანი სწორედ აშშ-ს მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის თავიდან აცილება და დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციული ზიანის პრევენცია იყო. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ თავი ვალდებულად, თქვენთვის დაგვესვა რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც, შეურაცხყოფის ნაცვლად, მკაფიო პასუხების მიღებას ველოდით“, – ნათქვამია ღია წერილში.
„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ელჩს აქვს პრეტენზია, რომ შეუძლია ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად ჩაერიოს და „ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეს“.
„თუმცა, ჩვენს ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჩართვა არჩიეთ.
როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარების ლეგიტიმურ კითხვებს გაურბიხართ, სიმართლის გაგებას გვიკრძალავთ და ჩვენი გაჩუმება გინდათ, ეს თქვენს დამოკიდებულებას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ცხადად აჩვენებს.
ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის - ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა“, – ვკითხულობთ ღია წერილში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 20 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. პრაისის თქმით, ელჩ დეგნანს სახელმწიფო დეპარტამენტის სრული მხარდაჭერა აქვს.