weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არასოდეს ყოფილა საუბარი ომში ჩართვაზე ან შანტაჟზე ან გადარიცხვის შეფერხებაზე – დეგნანი

12:15 ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე, ან შანტაჟზე, ან შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილის ფულის გადარიცხვის შეფერხებაზე. ელჩმა ამ საკითხზე განმარტება სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

კელი დეგნანმა შეხვედრა მას შემდეგ დაადასტურა, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა.

ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბატონი ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ“, – ამბობს ელჩი დეგნანი.

მისივე თქმით, როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, მათ საჯაროდ აცხადებს და სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე საზოგადოებას შეუძლია შეამოწმოს, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს.

„შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან.

როგორც ბატონმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, – ამბობს კელი დეგნანი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრის შესახებ შეკითხვას „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატები - სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე სვამდნენ. ყაველაშვილი 20 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში კითხულობდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხომ არ იყო შეხვედრა ივანიშვილსა და დეგნანს შორის: „ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი?“. კელი დეგნანმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს „საკმაოდ დიდი ხანია“ არ შეხვედრია და მასზე შატნაჟი არასოდეს განუხორციელებია.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, თავის წერილში დაადასტურა, რომ კელი დეგნანს 21 მარტს შეხვდა. ის მხოლოდ ამ ინფორმაციით შემოიფარგლა და არაფერი უთქვამს, რაზე ისაუბრეს მან და აშშ-ის ელჩმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]