weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი ქარდავას და პარტიას ბანკში ანგარიშები გაუუქმეს, კოკას პრობლემები შეუქმნეს – მახარაძე

17:27 ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022
გიორგი ქარდავა და ზურაბ მახარაძე გიორგი ქარდავა და ზურაბ მახარაძე

პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პოლიტიკური პარტიისა და მედიასაშუალების გადასარჩენად მხარდამჭერებს დახმარებას სთხოვს.

როგორც მახარაძემ განაცხადა, საინფორმაციო შეტევის წარუმატებლობის შემდეგ, „ფინანსურ ბაზას დაარტყეს“ და ზეწოლა ხორციელდება იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც მათ აფინანსებენ.

„ერთადერთი რაც შეიძლება გვეძახონ, არის – „ამათ რუსებთან უნდათ დალაგება“. მაგას ღიად ვამბობთ, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს და რუსებთან დალაგების პარტია ვართ, ანუ, რაც ჩემი პარტიული დღის წესრიგია, იმის ძახილით ვერაფერს დამაკლებ.

ეს რომ გაირკვა, რომ საინფორმაციო შეტევა ჩვენზე არ მოქმდებს, დადგა შემდეგი თემა, ანუ ჩვენ ან პიარულად უნდა გავენადგურებინეთ, რაც არ გამოვიდა, ან უნდა დავეჭირეთ. დაჭერა ვერ გამოდის ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ესენი იდიოტები არ არიან. ჩვენგან ნელსონ მანდელას გაკეთება არავის სჭირდება – რაღაც პერიოდის შემდეგ გამოვალ ისეთი პოლიტიკური კაპიტალით, რომელიც ახლა არც კი მესიზმრება. ესეც გათვალეს.

თუ ვერ გიჭერ და ლაპარაკში ვერ გიგებ, დარჩა შემდეგი: უნდა დაარტყა ფინანსურ ბაზას და შეუქმნა პრობლემები. „სილქნეტში“ ჩაგვხსნეს ქალბატონი კელი დეგნანის გამოისობით, ანუ საკაბელო ქსელის 40% ამ კომპანიას აქვს და ვერ ვმაუწყებლობთ მაგ ქსელში. ამის მიუხედავად, რეიტინგებით „ფორმულასთან“ ვჭიდაობთ, ანუ ეფექტურობა ძალიან მაღალი გვაქვს.

ჩამოვთვლი როგორი შეტევის ფორმა დაიწყეს: მაგალითად, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეს, გიორგი ქარდავას „საქართველოს ბანკში“ უბრალოდ გაუუქმეს ანგარიში და პარტიის ანგარიში გააუქმეს. რატომ? უბრალოდ.

სახელმწიფომ ჩვენი პარტია დაახლოებით 200 000 ლარით დააჯარიმა. ჩვენ რანაირადაც გვიდგებიან, ეგრე რომ ან „ნაცები“ ან ქოცები“ შეამოწმონ, მილიონიანი ჯარიმების გადახდა მოუწევდათ.

კოკას [კონსტანტინე მორგოშია] გარდა, ჩვენ კონკრეტული ბიზნესმენები გვაფინანსებდნენ. კოკასაც ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმენს და იმ სხვა ადამიანებსაც დაუწყეს პრობლემების შექმნა. ჩვენ კონკრეტული ადამიანების სახელებს ვერ დავასახელებთ, ისედაც, ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ამდენი ხანია გვერდში გვიდგანან. ზოგი აგრძელებს დაფინანსებას. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ მოსთხოვ, რომ რაღაც ზღვრის იქით პრობლემები შეიქმნას. ამათზე ზეწოლა რა ფორმით ხდება – ამაზე დეტალებში იმიტომ ვერ შევდივარ, რომ ამ ხალხის მიმართ არის კიდევ... გასაგები მიზეზების გამო. რანაირადაც ხდება ბიზნესზე ზეწოლა, ეგრე. დანარჩენი დეტალებს შეგიძლიათ თვითონვე მიხვდეთ. აქედან გამომდინარე, ახლა ასეთი სიტუაცია გვაქვს: ჩვენ „ალტ ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიის ფუნქციონირება უნდა მოვარგოთ იმ ახლად შექმნილ ფინანსურ რეალობას. კრიტიკულად აუცილებელია, რომ ორივე სტრუქტურა გადარჩეს. ამაში გვჭირდება დახმარება“, – განაცხადა მახარაძემ.

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფმა „ალტ ინფომ“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ გასული წლის ნოემბერში დააფუძნა. „ალტ ინფო“ 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად, 5 ივლისს, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ერთ- ერთი მათგანი „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად ცემეს. 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ სასამართლოს მიერ 217 482 ლარით არის დაჯარიმებული ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისა და შემოწირულებების დამალვის გამო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარტიის საქმიანობა უნდა აიკრძალოს, რასთან დაკავშირებითაც კონსტიტუციური სარჩელიც მოამზადა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ალტ ინფოს“ მრავალი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]