weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთაზე მიმართვა არ განიხილა

13:18 ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022
ლუდმილა ხოჯაშვილი - აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ლუდმილა ხოჯაშვილი - აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა და პარლამენტის უკან დაუბრუნა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე მიმართვა.

ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატმა 3 აგვისტოს დაადგინა, რომ მიმართვა თავისი ფორმით არ პასუხობს „კონსტიტუციური იურისდიქციის შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის კოდექსის“ მოთხოვნებს. ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი ასევე მიუთითებს, რომ პარლამენტი მიმართვაში არ აფიქსირებს თავის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით და არ იძლევა სამართლებრივ დასაბუთებას.

„მოთხოვნა იმ საერთაშორისო შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების თაობაზე, რომელიც ჯერ ძალაში არ არის შესული, დასაშვებია, თუ განმცხადებელი მიიჩნევს, რომ შეთახმება არ ექვემდებარება ძალაში შესვლას და გამოყენებას აფხაზეთის რესპუბლიკაში კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო. განმცხადებელი ვალდებულია, დააფიქსიროს საკუთარი სამართლებრივი პოზიცია შეთანხმების არაკონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციის შესაბამისი დებულებების მითითებით“, – წერია ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის პასუხში.

გარდა ამისა, აპარატი აცხადებს, რომ პარლამენტმა შესაბამისი დოკუმენტების მხოლოდ ასლები წარადგინა და არა დედანი ვერსიები.

ახლა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს უფლება აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება სამი დღის ვადაში გაასაჩივროს ან ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, ხელახლა მიმართოს სასამართლოს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხს განიხილავს, რასაც ე.წ. პარლამენტი არ ეთანხმება და ამიტომ მოითხოვა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს განეხილა 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების კონსტიტუციურობა.

ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთისთვის აგარაკის კომპლექსის უსასყიდლოდ, ხოლო მიწის და ზღვის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემას. ვლადიმერ პუტინი სამჯერ იყო ბიჭვინთის აგარაკზე და იქ სწორედ მისი რეზიდენციის მოწყობა იგეგმება.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას უკვე 12 წელია ითხოვს. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, ქონება უნდა გადასცენ არა ბიზნეს-სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, მისი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

 

ამ თემაზე:

ღარიბაშვილი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: „ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]