„ეს არის გაუგონარი განცხადება. როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი.
პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით, მან ეს კიდევ დაადასტურა“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტმა ჰკითხა, მოსწონს თუ არა რუსეთის მოქალაქეების პროვოკაციული განცხადებები და „შემზარავი კომენტარები“, რასაც ისინი, მაგალითად, „დედა ენის ბართან“ დაკავშირებით აკეთებენ.
„ასეთი ცალკეული შემთხვევები იქნება. მე ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას არ მომწონს. წარმოიდგინეთ, ადამიანს უკავია ამხელა დონის თანამდებობა და აკეთებს წარმოუდგენელ განცხადებებს და ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ეს აბსოლუტურად არ არის [გასაკვირი]. რა თქმა უნდა, ასეთი ინდივიდუალური შემთხვეევბი დასაგმობია, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ქსენოფობიისა და შოვინიზმის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ქსენოფობია გოიმობაა“.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის არსებობის შესახებ და თუ კობახიძე კონკრეტულ ფაქტებს ფლობს, შეუძლია სახალხო დამცველის აპარატს მიმართოს. ამასთან, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.
„8 აგვისტო მოდის და არავის არ უნდა გაუკვირდეს... ამ ქვეყანაში, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მომმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ან მომავალში იბრძოლებენ, როდესაც მათი სახელმწიფო ან ხელისუფლება დაუძახებთ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა. ბუნებრივია უკმაყოფილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს არცერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში და თუ ასეთ საშიშროებას დავინახავთ, მოვახდენთ რეაგირებას“, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, სახალხო დამცველის განცხადება ქსენოფობიურია და დასაგმობია.