weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ ჩაერთვება რუსეთთან დაპირისპირებაში – მედვედევი

15:17 ორშაბათი, 08 აგვისტო 2022

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა რუსეთს სამხედრო ჩარევის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს.

მედვედევის სიტყვებით, „2008 წლის ქართული აგრესია და უკრაინის კონფლიქტი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ერთიანი პროცესის და საერთო ჩანაფიქრის ნაწილია“.

„როგორც საქართველოს შემთხვევაში, ამერიკელები კიევს დაუსჯელობის გრძნობას შეგნებულად უძლიერებდნენ, ამარაგებდნენ იარაღით, ახალისებდნენ დონბასში მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობას.

...თუ არსებობს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის შესაძლებლობა, მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ როდესაც გამოსავალი არ გრჩება, იძულებული ხარ ძალის გამოყენებით მოახდინო რეაგირება.

სამწუხაროდ, საქართველოშიც და უკრაინაშიც, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა, კონფლიქტების დარეგულირების პოლიტიკური პროცესების ჩაშლით, რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს და ჩვენ გაცნობიერებულად წავედით სამხედრო ჩარევაზე“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, არც 14 წლის წინ და არც ახლა, ეჭვი არ ეპარება, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარების შეყვანა სწორი გადაწყვეტულება იყო. მისი თქმით, „საუბარი იყო რუსეთის მოქალაქეების დაცვაზე“.

მედვედევი ინტერვიუში საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას „ვაშინგტონის მიერ კონტროლირებულ მარიონეტულ რეჟიმს“ უწოდებს, ხოლო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს  – „შეშლილ ფრიკს“, „მუყაოს ყეყეჩსა“ და „საცოდავ წინამძღოლს“.

„გარკვეული დროის შემდეგ ის საკუთარმა ხალხმა უარყო. თუმცა უსაქმოდ დიდი ხანი არ იყო და სიამოვნებით მიეყიდა უკრაინის „ნარინჯისფერ“ მოღვაწეებს. მათი რუსოფობიური პოლიტიკის შედეგს დღეს ამ ქვეყანაში ვხედავთ“, – ამბობს მედვედევი.

დმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებაში არ ჩაერთვება.

„რაც შეეხება საქართველოს შესაძლო ახალ აგრესიას მისგან განცალკევებული ტერიტორიების წინააღმდეგ - ეს შეუძლებელია.

დღეს ჩვენ გვაქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - ესენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობები დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზები მდებარეობს. ეს კარგად ესმის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ ცდიან ბედს და არ ჩაერთვებიან დაპირისპირებაში ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია“, – ამბობს მედვედევი.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი შესრულდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება. ომის დასრულებისთანავე, 26 აგვისტოს, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. იმ დროს დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ვლადიმერ პუტინი კი პრემიერ-მინისტრი იყო.

2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ქართული სოფლების მიზანმიმართულად გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისთვის.

 

ამ თემაზე:

სააკაშვილის პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ომი თავიდან ვერ აიცილეს – პრემიერი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]