„რა არის პრობლემა? რა თქმა, უნდა ნორმალურია. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება და საქართველო არ უერთდება სანქციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ რომელიმე პიროვნება სანქცირებულია, ამას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონი“, – განაცხადა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
ივლისში ყველაზე მეტი, 156 737 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 525.5%-ით მეტია გასული წლის ივლისის მონაცემზე და 1.5%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 159 063-ს შეადგენდა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის გამო, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ნაწილი რუსეთთან ცალმხრივად არსებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ. მაგალითად, პარტია „ლელოს“ ინიციატივის მიხედვით, რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში არიან ჩართული, უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი და ასევე, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.
საქართველოს მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეზღუდვების დაწესება ირაციონალურია და მოსახლეობას დააზარალებს.