weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ადვოკატები: გომელაურმა გოგაშვილს ციხეში დაურეკა და დაემუქრა

19:48 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022
იოსებ გოგაშვილი და ვახტანგ გომელაური იოსებ გოგაშვილი და ვახტანგ გომელაური

ადვოკატების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა.

როგორც ადვოკატები ამბობენ, იოსებ გოგაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა ტელეფონით ოთხჯერ ისაუბრეს, პირველი საუბარი კი 28 ივლისს შედგა. გოგაშვილმა 26 ივლისს განცხადება გაავრცელა და გომელაური ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა. ის ასევე წერდა, რომ გომელაურმა ექვსი წლის წინ, როდესაც სუს-ის უფროსი იყო, საკუთარი ქალიშვილის საქმრო მის „ერთგულ სუს-ის ზონდერებს“ გაატაცებინა, აწამებინა, სომხეთის საზღვარზე „გადააგდებინა“ და დაემუქრა, რომ თუ დაბრუნდებოდა, იარღს ჩაუდებდნენ.

„28 ივლისს იოსებ გოგაშვილი გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და იოსებ გოგაშვილს ეპასუხა. რამდენიმე წუთში ტელეფონზე განხორციელდა ზარი. იოსებ გოგაშვილმა უპასუხა. მას ესაუბრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც იოსებ გოგაშვილი აცხადებს, საუბარი მათ შორის იყო საკმაოდ დაძაბული და ძირითადად აღნიშნული საუბარი შეეხებოდა მუქარებს - იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა თუ რა შეიძლება დამართნოდა როგორც მას, ასევე მის ოჯახს, ახლობლებს და ა.შ. იოსებ გოგაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის საუბარი შედგა იგივე წესით მეორე დღესაც. მეორე დღეს მოთხოვნა იყო გაჩუმებულიყო იოსებ გოგაშვილი, მისი ოჯახის წევრები“, – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

მისივე თქმით, იოსებ გოგაშვილის დაპირდნენ, რომ ციხეში ოჯახის წევრებს შეახვედრებდნენ, რათა „გაჩუმების თაობაზე“ დალაპარაკებოდა.

„იოსებ გოგაშვილთან ორჯერ მოხდა ოჯახის წევრების შეხვედრა და დალაპარაკება. ეს იმ პირობებში, როცა ოფიციალურად დადგენილებაა გამოტანილი და იოსებ გოგაშვილს აკრძალული აქვს, ადვოკატების გარდა, ნებისმიერ პირთან პაემანი და სატელეფონო კომუნიკაცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც იოსებ გოგაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, დღეს უკვე ცნობილია, რა ნომრიდან უკრეკავდნენ პატიმარს და ასევე ის, თუ რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც ის შს მინისტრს პასუხობდა.

„უფრო მეტიც, იოსებ გოგაშვილმა შეძლო და მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება: მან მის ხელთ არსებული წებოვანი ლენტის, ე.წ. სკოჩის მეშვეობით მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს მტკიცებულება უკვე გამოტანილია N12 პენიტენციური დაწესებულებიდან და ჩვენ, ადვოკატები შევეცდებით, რომ თუ ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისთვის, ჩავატაროთ შესაბამისი ექსპერტიზები“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატების ამ განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ გამოხმაურებია.

იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს, 19 ივლისს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურატურა აცხადებს, გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სამსახურიდან გაიტანა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პირადი და პერსონალური მონაცემები და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ნაწილი ინფორმაცია გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, „რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“.

გოგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პერსონალური მონაცემების ხელყოფას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოსო გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ამ თემაზე:

გოგაშვილის თქმით, ციხეში ბიძინა ივანიშვილისაგან ოჯახის განადგურების მუქარა მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]