weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ვენეციის კომისიის დასკვნით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი გადახედვას საჭიროებს

12:48 შაბათი, 27 აგვისტო 2022
„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს შემოთავაზებული დებულებების გავლენის შეფასებას, უფრო ღრმა, საგულდაგულო დამუშავებას მათი აუცილებლობისა და პროპორციულობის დასასაბუთებლად.

ვენეციის კომისიის დასკვნა გუშინ, 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია:

  • კანონპროექტის შესახებ შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე, უფრო გამჭვირვალე, რაციონალური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის მიზნით, კონსულტაციები გაიმართოს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
  • კომისიის მოსაზრებით, დამაჯერებელ დასაბუთებას საჭიროებს ფარული ღონისძიებებით გამოძიებისთვის ნებადართული დანაშაულთა სიის გაფართოება, ფარული ღონისძიებების საერთო ხანგრძლივობის გაზრდა და ფარული ღონისძიებების შესახებ პირების ინფორმირების წესების გამარტივება.
  • ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს ფარული თვალთვალის ზედამხედველობის საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვას (კონკრეტულ საქმეებზე სასამართლო კონტროლის ხარისხისა და ზედამხედველობის ზოგადი მექანიზმების ჩათვლით) კანონპროექტში მოცემულ კონკრეტულ წინადადებებზე დისკუსიის დაწყებამდე.

ვენეციის კომისია თავიდანვე აღნიშნავს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალურობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში.

„უფრო მეტიც, ციფრულ ეპოქაში მათი პატივისცემა არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ მუშაობენ კონსტიტუციები პრაქტიკაში. ამ კონტექსტში, ფარული თვალთვალის ღონისძიება (რა ლეგიტიმურ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის) უნდა განიხილებოდეს როგორც გამონაკლისი წესიდან (რაც არის ამ ფუნდამენტური ფასეულობების პატივისცემა). ეს გამონაკლისები, კონსტიტუციური თუ საკანონმდებლო, ფრთხილად უნდა იყოს ფორმულირებული და სახელმწიფო უწყებების და სასამართლოების მიერ ვიწროდ ინტერპრეტირებული“.

ვენეციის კომისია ამბობს, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებები ინსტრუმენტია, რომელიც სერიოზულ საფრთხე უქმნის ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. ასეთმა ზომებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ კომუნიკაციის კონფიდენციალურობაზე და ზოგადად პირად ცხოვრებაზე, არამედ ადამიანის რიგ უფლებებზეც.

„მეთვალყურეობის ზომებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლებაზე (განსაკუთრებით ჟურნალისტის პროფესიისა და ჟურნალისტური წყაროების დაცვის კონტექსტში), შეკრების თავისუფლებაზე, რელიგიის თავისუფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე და კლიენტ-ადვოკატის ურთიერთობის კონკრეტულ სამართლებრივ გარანტიებზე, ისევე როგორც პოლიტიკური უფლებებზე“, – წერს საკუთარ დასკვნაში ვენეციის კომისია.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს,  27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება. საქართველოში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო ღონისძიებები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში, პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს,  რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]