weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

117 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

17:50 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე და ბოლო მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მისცა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ორმა წევრმა, ერთმა კი მხარი დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტარებს „ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ დღეს მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ძალიან მყარი საფუძველი ეყრება ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. დიდი მადლობა ერთსულოვნებისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მას პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების წარდგენა და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევს. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ 25 სექტემბერს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უარი თქვა კონსტიტუციური კანონპროექტის მესამე მოსმენით მისაღებად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე.

„კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზი. მათ შორის კი პირველია ის, რომ არ არის თანხმობის დოკუმენტი. ამავე დროს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საბოლოოდ კი, შედეგად ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსაც კი და შესაბამისად ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუცია 78 მუხლისგან შედგება. ის ძალაში 2018 წელს, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ უნდა შევიდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]