„სანამ ჩვენ დავიწყეთ სარჩელის მომზადება, შევიტყვეთ იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ ორგანიზაციას წარდგენილი აქვს საჩივარი და მოითხოვს საერთოდ ამ უბნის შედეგების ბათილობას. „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით და ალბათ საზოგადოებისთვისაც ცნობილი არ არის ეს ორგანიზაცია, როგორც არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
მათი მოთხოვნა არის საკმაოდ საეჭვო. ისინი წარმოდგენილნი იყვნენ უბანზე, მაგრამ უბანზე ყოფნისას მათ დამკვირვებელს არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით დავაში, გავიგეთ, რომ ეს ორგანიზაციაც იწყებს დავას და აყენებს სრულიად არასწორ, დაუსაბუთებელ მოთხოვნას, რომ ამ უბნის შედეგები გამოცხადდეს ბათილად.
ამ მოთხოვნას ძალიან სუსტი საფუძველი აქვს. აქ საუბარია იმაზე, რომ გამგებელმა რამდენიმე წუთით შეიარა უბანზე და ეს უნდა გახდეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე კენჭისყრის შედეგების ბათილობის საფუძველი. პირველ რიგში, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, უბანზე გამგებლის ყოფნასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი და გამგებელს დაატოვებინეს უბნის ტერიტორია. რა თქმა უნდა, გამგებლის ფრაგმენტული ყოფნა კენჭისყრის მთელი დღის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. მეორე მხრივ, თუ მხოლოდ ამის საფუძველზეა მოთხოვნილი უბნის ბათილობა, მაშინ უნდა შემოწმდეს თიანეთში ყველა სხვა უბანზე ხომ არ ყოფილა ეს პირი ან სხვა პირი, რასაც ასევე შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა შედეგებზე.
ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივარი ჩვენთვის საეჭვოდ გამოიყურება. თუმცა იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ საკითხს შეხედავს წმინდა სამართლებრივი კუთხით და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი“, რომელმაც თიანეთის მე-20 უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა.
თამაზ მეჭიაური საიას დახმარებით მცხეთის რაიონულ სასამართლოს, სარჩელით დღეს მიმართავს. ის თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 22 ოქტომბრის განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მე–20 საარჩევნო უბანზე ბათილად მიჩნეული 24 ბიულეტენიდან, საოლქო კომისიამ 5 ბიულეტენი გააცოცხლა და 5 ხმა მის კონკურენტს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა. ამ ცვლილებამდე თიანეთში მერის არჩევნებს 1 ხმით თამაზ მეჭიაური იგებდა, ცცვლილების შემდეგ კი მას ლელა ქიტესაშვილი უგებს 4 ხმით.
რაც შეეხება ააიპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს, ის დაფუძნებულია 2009 წლის 6 მაისს (კოდი 202458820). გამგეობის თავმჯდომარე - მერი კაპანაძეა. წევრები ტარიელ ირემაძე, დავით მსახურაძე.
ორგანიზაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში 2 გრანტი აქვს მიღებული: 37 840 ლარი და 123 715 ლარი.