weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ არის სასიამოვნო მოსასმენი, როცა ჩინოვნიკი არაგონივრულ ხელფასს იღებს – სესიაშვილი

17:45 კვირა, 05 ნოემბერი 2017

„არ არის სასიამოვნო მოსასმენი, როცა ესა თუ ის ჩინოვნიკი არაგონივრულ საერთო ჯამურ ხელფასს იღებს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თელავის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი კახეთის ყოფილი საოლქო პროკურორის, ვაჟა ფანოზიშვილის მიერ ერთ წელში სახელფასო დანამატის 23-ჯერ მიღების ფაქტს.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მაღალჩინოსნების მიერ არაგონივრული ხელფასის აღება საზოგადოებასა და მმართველ პოლიტიკურ ძალაზე უარყოფითად მოქმედებს. „სწორედ ამიტომ არის, რომ პარლამენტში შემოსულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც დანამატის, ჯილდოს ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც კახეთის პროკურორმა წელიწადში 23-ჯერ აიღო დანამატი, მთავრობას პენსიების გასაზრდელად თანხა არ აქვს.

„ეს არის მთავრობის პოლიტიკური არჩევანი. მთავრობას არ აწუხებს საზოგადოების გაჭირვებული ფენა, არ აწუხებს პენსიონერების, სოციალურად დაუცველების და დევნილების მდგომარეობა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„მე არ მსმენია, რომ კახეთში წელს ნაკლები კრიმინალია, ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო. ჩვენ დღეს ვიხილავთ ბიუჯეტს და როდესაც გვეუბნებიან, რომ ეკონომიკის ზრდა შეიმჩნევა ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად რატომღაც ღარიბდება ქვეყანა, გამოდის, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროკურორებისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის იზრდება ეკონომიკა“, - განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა გიორგი ლომაიამ.

2 ნოემბერს ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო, სულ ჯამში 101 240 ლარი, რაც პრემიერ-მინისტრის ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტია. საოლქო პროკურორის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უკლებლივ ყველა მინისტრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურებასაც. 

შეგახსენებთ, პარლამენტი განიხილავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მთავრობის მიერ არის ინიცირებული. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა, დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები.

სახელფასო დანამატად მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრული თანხა.

კანონპროექტის მიხედვით, სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ თანამდებობისთვის გათვალისწინებული ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს, ხოლო წლის მანძილზე მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის - 20%-ს.

კანონპროექტი უკვე განიხილეს და მოიწონეს იურიდიულმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]