„ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელმაც რუსეთი ფეხზე დააყანა და იმ ქვეყნად აქცია, რომელსაც ანგარიშს უწევენ. პუტინის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
პოლიტიკოსის აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში „ბევრი შეეცდება, მაქსიმალური პრობლემები შექმნას“. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ბოლო დროის მოვლენები, მათ შორის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო კამპანიისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად.
„ყველაფერი, რაც ახლა კეთდება უკრაინაში, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, კეთდება იმისთვის, რომ გარკვეული ჩრდილი მიადგეს საპრეზიდენტო არჩევნებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამასთან, მას მიაჩნია, რომ „დასავლეთი რუსული ხასიათის და რუსი ხალხის სპეციფიკას ვერ გაიგებს“ და ეს მოვლენები მხოლოდ გაზრდის პუტინისადმი მხარდაჭერას.
„რაც უფრო მეტი იქნება დასავლეთის მხრიდან ზეწოლა, პრობლემები და სანქციები, მით მეტი იქნება ხალხის მხრიდან პუტინის მხარდაჭერა. იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, ის იბრძვის იმისთვის, რომ რუსეთი ძლიერი, დამოუკიდებელი სახალმწიფო იყოს, რომელსაც შეუძლია თავისი მოქალაქეების დაცვა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ იყრის კენჭს. მან ამ გადაწყვეტილების შესახებ 6 დეკემბერს განაცხადა. იმ შემთხვევაში თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის რუსეთის პრეზიდენტი მეოთხედ გახდება.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში ჩატარდება.