weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ჩამოსვლას კიდევ აპირებს

11:08 პარასკევი, 12 მაისი 2017

მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ სექტემბერში საქართველოში ჩამოსვლას კვლავ გეგმავს. ლუჟკოვმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას შავ სიაში მისი შეყვანის თაობაზე, ბავშვური და უგუნური უწოდა.

„ეს მიმაჩნია აბსოლუტურად უგუნურ და გაუგებარ გადაწყვეტილებად. ჩვეულებრივ, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ ისეთი ქმედებების შემდეგ, რომლებიც მიმართულია საქართველოს ან რომელიმე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში საქართველოში ვიმყოფებოდი, როგორც ტურისტი, ტურისტულ ჯგუფთან ერთად. საერთოდ, ვაპირებ, კიდევ ერთხელ გავემგზავრო საყვარელ საქართველოში. ჩემი ქართველი მეგობარი შვილიშვილის ქორწილში მიწვევს. მინდა, ჩემს მეუღლესთან და ოჯახთან ერთად ვნახო ქართული ქორწილი. თუ ეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გამო არ გამოვა, დაველოდებით სხვა დროს, ის აუცილებლად დადგება. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ბოლოს და ბოლოს ასეთ ბავშვურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს“, - განაცხადა ლუჟკოვმა რუსულ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.

გუშინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ შსს იური ლუჟკოვს სპეციალურ სიაში შეიყვანს, რის შემდეგაც ის საქართველოში შემოსვლას ვეღარ შეძლებს.

მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში რამდენიმე დღის წინ მეუღლესთან და მოსკოვის მერიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან ლეონიდ ბოჩინთან ერთად იმყოფებოდა. მან მცხეთაში 13 ასურელი მამის ეკლესია დაათვალიერა და მამა სერაფიმესთან ერთად ფოტო გადაიღო.

ბორჯომში ყოფნის დროს ლუჟკოვმა განაცხადა, რომ საქართველო უკეთ იგრძნობს თავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისგან გათავისუფლების შემდეგ. მისივე თქმით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს პრობლემა არ შექმნია, არადა ლუჟკოვი 2009 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.

„ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს“, – აღნიშნა ლუჟკოვმა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტიდან.

შსს-ის განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ხანდაზმულობის ვადა – 6 წელი უკვე გასულია და შესაბამისად, იური ლუჟკოვის წინააღმდეგ სამართლებრივ ნაბიჯებს ვერ გადადგამს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]