„2014 წლიდან დღემდე ამ სისტემამ გაამართლა, როგორც თემში, ასევე ქალაქში. მე არვიცი, სხვაგან რა ხდება. მე ზუსტად ვიცი, ქალაქ თელავში რა ხდება. ზუსტად ვიცი, რამდენი რამე წავიდა დადებითისკენ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და თვითმმართველი თემი ჩამოყალიბდა. მერწმუნეთ, ამაზე ცუდს ვერაფერს გააკეთებთ. თავი დაანებეთ ძალიან გთხოვთ! მიუშვით, განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და
თუ ნამდვილად გვინდა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, დაანგრიეთ, მოსპეთ, სისტემური ხორცმეტი რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი.
მე პატივს ვცემ მოქმედ გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს, მაგრამ ინსტიტუტის წინააღმდეგი ვარ. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას“, – განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, დანიშნული გუბერნატორი არ უნდა იბარებდეს ქალაქის არჩეულ მერს და „ჭკუაზე არ უნდა არიგებდეს“.
თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ოზურგეთს, ამბროლაურსა და ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას გეგმავს 12-დან ისევ 5–მდე. რეგიონული განვითარების სამინისტროში დაადასტურეს რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირადად ის ქალაქის და რაიონის გაყოფის წინააღმდეგია.