weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა მუნიციპალიტეტების გაერთიანების მხარდაჭერას

16:16 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხის განხილვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა.

საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ, 28 დეპუტატმა, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას, თვითმმართველი ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანების თაობაზე.

მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოში სამგლოვიარო თაიგულით შესვლა სცადეს, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლები მათ შენობაში არ უშვებდნენ, რასაც შეხლა–შემოხლა მოჰყვა.

„გადავწყვიტეთ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სიმბოლურად შეგვეტანა ყვავილები და დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, რომ ოზურგეთში თვითმმართველობა გარდაცვლილია და როგორც გარდაცვლილს მიაგებენ პატივს, გვინდოდა სიმბოლურად ეს ჟესტი გამოგვეხატა“, - განაცხადა კოკა კიღურაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობისა და სისტემების განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა.

სხდომის დასრულების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით დეცენტრალიზაციას საფრთხე არ ემუქრება.

„პირველი, რაც ყველაზე მთავარია, არანაირი საფრთხე არ ემუქრება დეცენტრალიზაციას, როგორც აქ ოპონენტები აპელირებენ. ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ორივე ბიუჯეტი გაერთიანდება და ამ თანხას მიიღებს ერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც ორივეს ბაზაზე შეიქმნება“, - აღნიშნა დიმიტრი კვერღელიძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ითხოვს საკრებულოებმა იმსჯელონ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქის, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის სტატუსის გაუქმებაზე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]