weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

7 მომხრე, 5 წინააღმდეგი – თელავის საკრებულომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

14:58 პარასკევი, 19 მაისი 2017

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 7 ხმით ხუთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკითხს ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ. საგანგებოდ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მოწვეულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, 15 წევრიდან მხოლოდ 12 ესწრებოდა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა არ გაიზიარეს მოქალაქეთა მოსაზრებები, უარი ეთქვათ სამინისტროს მოთხოვნაზე მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ.

„ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება თუ არის ერთ–ერთი მიზეზი, ნუ აიღებთ ბატონო პრემიებს, დანამატებს და ბიუჯეტში გექნებათ თანხა, რომ მეტი პროექტი განახორციელოთ. უარი თქვით სამინისტროს მოთხოვნის შესრულებაზე. თქვენ ჩვენ აგირჩიეთ, მოქალაქეებმა და გამოდით გარეთ, ქუჩაში, ხალხსაც გვკითხეთ აზრი“, – მიმართა საკრებულოს წევრებს ქალაქ თელავში მცხოვრებმა თამილა უტიაშვილმა.

„სამინისტროს წერილში წერია, რომ მაგალითად ქალაქებში თავმოყრილია ისეთი ობიექტები, რომლითაც არა მხოლოდ ქალაქების, არამედ სოფლების მოსახლეობაც სარგებლობსო. აქ რომ მარტო საბავშვო ბაღები ეწეროს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ აქ არის ჩამონათვალი: დასვენების და გასართობი ცენტრები, სამუსიკო სკოლები, თეატრები, მუზეუმები, ბაზრები, სავაჭრო ცენტრები. ამ წერილის მიხედვით, ამ ობიექტების მოვლა–პატრონობა მხოლოდ ქალაქს აწვებაო. მუშურ–გლეხურად რომ ვთქვათ, შემოგვღობეთ, რომ სხვამ ვეღარ ისარგებლოს. ეს არის შეურაცხმყოფელი“, – აღნიშნა მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილმა.

„მიღებული გაქვთ დავალება ხეგლეჯიასგან და უნდა შეასრულოთ, რაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა ქალაქ თელავის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ფრაქცია „ძლიერი თელავის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

დაახლოებით სამსაათიანი განხილვის შემდეგ საკრებულოს წევრებიდან 7–მა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა, 5–მა ხმა წინააღმდეგ მისცა.

15 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ითხოვს საკრებულოებმა იმსჯელონ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქის, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის სტატუსის გაუქმებაზე და თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე.

მუნიციპალიტეტების გაერთიანებას არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]