weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ

18:49 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018
ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ ფოტო Ⓒ სამხრეთის კარიბჭე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას და კუთვნილი ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ. მათ საპროტესტო აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც საკრებულომ მერიის საშტატო ნუსხა და ხელფასების გაზრდილი ოდენობა ვერც დღევანდელ სხდომაზე ვერ დაამტკიცა.

„ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი“, „მოღალატე გადადექი“, „ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი“, „ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს“, „ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას“, - „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ამ წარწერებიანი ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ უკმაყოფილო თანამშრომლები მერიის შენობის წინ. მათი განცხადებით, იმის გამო, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებენ, იანვარსა და თებერვალში ხელფასი არ აუღიათ.

„ორი თვე მოსახლეობას უხელფასოდ ისე ვემსახურეთ, რომ არავის არაფერი უგრძვნია, მოვითხოვთ კუთვნილ ხელფასებს“, – ამბობენ მერიის თანამშრომლები

ბორჯომის საკრებულოს სხდომას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დღეს პირველად დაესწრო „ქართული ოცნება“. თვეების განმავლობაში მმართველი პარტიის წევრები საკრებულოს ბოიკოტს უცხადებდნენ, დღეს კი სხდომაზე 13-დან 11 დეპუტატი მივიდა. მიუხედავად ამისა, ხელფასების საკითხი ვერც დღეს დაამტკიცეს. მერიის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც მერისთვის, მერის მოადგილისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასის გაზრდას ითვალისწინებს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო კი საკითხი ჩავარდა.

„მათი მოთხოვნაა, რომ სამსახურის უფროსებს ხელფასი 450 ლარით გაეზარდოთ. ვთავაზობთ, რომ სამსახურის უფროსებმა ხელფასი 150 ლარით მოიმატონ, მერმა 200 ლარით. არას ვეუბნებით 900 და 450-ლარიან მატებას, რასაც ისინი ითხოვენ. ბორჯომი დღეს ამისთვის მზად არ არის“,

- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

 

მსგავს თემაზე:

ბორჯომის საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]