არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარდა.
„უმძიმესი შეხვედრა იყო. ტატუნაშვილის საქმის განხილვის კონტექსტში ჩვენი მხრიდან ორი ძირითადი შეკითხვა დაისვა. პირველი - როდის მოახერხებს ოჯახი ცხედრის მიღებას და მეორე, როდის შეეძლება ახალგორში მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია. სამსაათნახევრიანი მოლაპარაკების შემდეგ ფაქტობრივად ჩვენ ვერცერთ ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, დროებით შევწყვიტოთ ეს სხდომა გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური მთავრობისთვის ტატუნაშვილის საქმეს, იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 22 თებერვალს, უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მათ შორის დღევანდელი შეხვედრის დღისწესრიგშიც იყო წარმოდგენილი მხოლოდ მაშინ, როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოეცემა“, - აღნიშნა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ რუსეთიდან ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რომელიც ცხინვალშია, ოჯახს არ გადაეცემა. არესებული ინფორმაციით, ტატუნაშვილი ნაწამებია და დროის გაყვანით დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა. ოსური მხარის განცხადებით, ის ცხინვალის იზოლატორში გადაყვანის დროს კიბეზე დაგორდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ საათში დაიღუპა. დე ფაქტო ხელისუფლება სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებს. ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, 26 თებერვალს, მცხეთასთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მათ საქართველოს მთავრობას ორდღიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს ამოიწურა.