„ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძეს მაია ცქიტიშვილი შეცვლის.
ზურაბ ალავიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედია საშუალებამ გუშინ გაავრცელა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, მათი წყარო ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობაზე ივლისამდე იქნება, რის შემდეგაც მას ან შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის ან ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.