weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით, თვითმმართველობა შევასუსტეთ – პრეზიდენტი

16:05 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატია შესუსტდა. ამ კონტექსტში გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველი ქალაქების გაუქმება გაიხსენა.

„რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუტების შესუსტებას ქვეყნისთვის? ამ თვალსაზრისით, თუ გადავავლებთ თვალს რა გაკეთდა 2017 წელს კონსტიტუციის ცვლილებაში, ჩვენ დავინახავთ, რომ ძირითადმა ინიციატივებმა სწორედ რომ შეასუსტა ქვეყნის დემოკრატიაც და ინსტიტუტებიც. შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ ვითარებას - შევასუსტეთ თვითმმართველობა, მივიღეთ ნაკლები თვითმმართველი ქალაქები.

პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში - გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა - გადავდეთ 2024 წლისთვის.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ისტორიის მაგალითები და დღეს უნდა მივცეთ ხალხს დემოკრატიული პროცესი და ეს უნდა ხორციელდებოდეს როგორც თვითმმართველობის დონეზე, ასევე სხვა დონეებზე“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თვითმმართველობის შესუსტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა არასწორი შეფასება გააკეთა.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩვენ მივიღეთ თვითმმართველობის კოდექსი, სწორედ რომ ჩვენ გავაძლიერეთ თვითმმართველობის არჩევნები. ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ცოტა ხანში შევა ძალაში, უფრო მკაფიოდ განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულებები თვითმმართველობების მიმართ როგორც მათი დაფინანსების, ასევე მათი უფლებების ნაწილში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

2017 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-დან 5-მდე შემცირებას ითვალისწინებდა. პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა ქვეყანაში თვითმმართველობის გაძლიერებას ხელს შეუშლიდა. პარლამენტმა ვეტო დაძლია და საბოლოო ჯამში, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთსა და ბათუმს დარჩა. 7 თვითმართველი ქალაქი - თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური თვითმმართველ თემთან გაერთიანდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]