weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა გონივრულ საფუძველს მოკლებულია – პრემიერი

17:55 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია.

„მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია.

ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა“, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს მთავრობას მიმართეს და თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოითხოვეს. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ თეა წულუკიანი თანამდებობაზე დარჩება, მასთან ერთად კონსულტაციების მაგიდასთან არ დასხდებიან და ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს იტყვიან. არასამთავრობოების მოთხოვნას „გირჩი“ და „რესპუბლიკელები“ შეუერთდნენ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისიდან დაიწყო.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოკული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ და პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]