weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებული ახალგორის საბავშვო ბაღიდან ქართველი თანამშრომლები გაათავისუფლეს

14:45 შაბათი, 09 ივნისი 2018
ფოტო: Sputnik ფოტო: Sputnik

ოკუპირებული ახალგორის რაიონში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საბავშვო ბაღი და რუსულენოვანი სკოლა გახსნა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 1889 კვ.მ. ფართობის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი, 100 ბავშვზეა გათვლილი. სკოლა და საბავშვო ბაღი რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა. დაწესებულების გახსნას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გარდა, ესწრებოდა „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩი მარატ კულახმეტოვი.

ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან ქართულენოვანი ჯგუფები გაქრება, რადგან სამსახურიდან გაათავისუფლეს საბავშვო ბაღის ის თანამშრომლები, რომლებმაც რუსული ან ოსური არ იციან.

„ისინი, ვინც გუშინ უსამსახუროდ დარჩნენ, 10 წლის წინ საქართველოში არ წავიდნენ, მათ ასე ვთქვათ მოიჭრეს იქ წასასვლელი გზა აქ დარჩენისა და მუშაობის გადაწყვეტილებით. მინდა აღვნიშნო, რომ

ადგილობრივი საბავშვო ბაღი იყო პირველი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის ოქტომბერში დაფინანსება შეუწყვიტა. ისინი არჩევანის წინაშე დააყანეს: ან სამუშაოდ გადავიდოდნენ წეროვანში, ან ახალგორში (ლენინგორი) დარჩებოდნენ უხელფასოდ.

ამის შემდეგ მათ საქართველოდან ხელფასი არ აუღიათ, სკოლისგან განსხვავებით. აღსანიშნავია, რომ მათ პირველი ხელფასი ცხინვალის ხელისუფლებისგან 2008 წლის დეკემბერში მიიღეს, ანუ აქ დარჩნენ არა მეტი ხელფასის გამო, არამედ გულწრფელად, საკუთარი სახლისა და სამუშაოსთვის. სახელმწიფომ კი საარსებო წყაროს გარეშე დატოვა“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში.

2017 წლის სექტემბრიდან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალგორის ქართულ სკოლებში სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო. როგორც ე.წ. განათლების მინისტრმა განაცხადა, „რაიონის მოსახლეობამ თავი უნდა იგრძნოს სამხრეთ ოსეთის და არა საქართველოს ნაწილად“.

პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით გაკვეთილები რუსულ ენაზე ტარდება. დანარჩენი კლასები ჯერჯერობით ისევ ქართულენოვანია. 2018 წლის სექტემბრიდან რუსულ ენაზე გადავა მე-5 კლასი, 2019 წლის სექტემბრიდან მე-6 და ასე გაგრძელდება ყოველ წელს.

ახალგორის რაიონს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აკონტროლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]