weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით – ბახტაძე

19:12 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

„ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ. ბახტაძე საკუთარ სამთავრობო პროგრამას პარლამენტს რამდენიმე დღეში წარუდგენს.

„მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს და მის ხელმძღვანელს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის მართლაც დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის.

უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვსდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე: პირველი - ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება.

მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

მესამე - ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზი.

მეოთხე, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია, ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია, საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. სწორედ ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში.

შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]