დროებითი მთავრობის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არ არიან. ამ თანამდებობებს მათი მოადგილეები - დავით ზალკანიანი და გიორგი ჩერქეზიშვილი დაიკავებენ. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე კი მამუკა ბახტაძის ნაცვლად, მისი ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა იმუშავებს. დანარჩენ სამინისტროებს ისევ მთავრობის ძველი შემადგენლობა უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა. მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამის განხორციელებას და არსებული გამოწვევების გამკლავებას 14 სამინისტროს ნაცვლად 11 სამინისტროც შეძლებს. ბახტაძეს არ დაუსახელებია, რომელი სამინისტროების გაუქმება ან გაერთიანება იგეგმება.
გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლის დეკემბრიდან იკავდებდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 13 ივნისს განაცხადა. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგინა.