„ბუნებრივია, ის სიტუაცია რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი - კატეგორიულად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენთ. ინიციატივა ეხება ავტოპარკს, ნებისმიერი მანქანის ჩათვლით, განსაკუთრებით - ე.წ. პერსონალურ მანქანებს,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მთავრობის არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, რომ ხელისუფლება კომფორტზე ორიენტირებულ ავტოპარკზე უარს იტყოდა, ყაზბეგის მერიამ 2017-2018 წლებში გამოშვებული 4 ერთეული „პიკაპის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი 15 ივნისს გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 281 260 ლარია გამოყოფილი.
მანამდე, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შპს „მექანიზატორმა“ 130 ერთეული უახლესი „პიკაპის“ შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 7 408 600 ლარი იყო გამოყოფილი. თითოეული ავტომანქანის ღირებულება საშუალოდ 57 000 ლარს შეადგენს.
2017 წლის ბოლოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2017 წელს გამოშვებული 2 „ჯიპის“, 1 მიკროავტობუსისა და 5 „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 386 190 ლარი იყო გამოყოფილი. 1 მაღალი გამავლობის „ჯიპის“ შესყიდვის ღირებულება საშუალოდ 44 850 ლარს, მიკროავტობუსისა - 93 490 ლარს, 1 „სედანისა“ კი 40 600 ლარს შეადგენდა.