weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერ-მინისტრი ჭუბერის ხეობაში გაემგზავრა

10:19 პარასკევი, 06 ივლისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭუბერის ხეობაში გაემგზავრა. პრემიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პირველივე წუთიდან აკონტროლებენ მდგომარეობას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე ხვადაგიანის განცხადებით, ჭუბერში 5 კრიტიკული წერტილია.

„სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მეხანძრე-მაშველები იცავენ მუშა პროცესის უსაფრთხოებას. ხეობაში, სტიქიის ადგილიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში, ხიდზე ჩვენი მაშველები დგანან, რომლებიც აკონტროლებენ წყლის დონის მატებას და კლებას. მატების ან კლების შემთხვევაში შეტყობინება მყისიერად გამოიგზავნება“, - განაცხადა ხვადაგიანმა.

5 ივლისს, ღამის საათებში, ხოკრილის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა. მოგვიანებით, დაგროვილმა წყალმა მეწყერი გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ 6 საცხოვრებელი სახლი წაიღო. განადგურებულია ათობით დამხმარე ნაგებობა, ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია. წყალმა წაიღო შიდა საავტომობილო გზები და ხიდები, რომელიც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის 9 სოფელს აკავშირებდა გარესამყაროსთან. მოსახლეობას კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.

წინასწარი შეფასებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]