„გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს საკუთარ საარჩევნო პროგრამას დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში გააცნობს. შეხვედრა სოფლის ცენტრში გაიმართება, საიდანაც ახმეტაში, ჟალურის უბანში გადავინაცვლებთ. დღესვე წავალთ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში და ხალხს სოფლის ცენტრში შევხვდებით. საუბარი შეეხება როგორც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ისე ჩვენს სამომავლო გეგმებს“, - უთხრა „რეგინფოს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს კვირის ბოლომდე გააგრძელებს.
„საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სასოფლო-სამეურნეო რაიონია კახეთი, რომელიც ტურიზმის ცენტრად გადაიქცა. ძალიან საინტერესოა რას გვეტყვის იქ ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქე, თუმცა ზუსტად ისეთივე სიღარიბე და უიმედობაა, როგორც დანარჩენ საქართველოში“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში გამგზავრებამდე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ „სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წარადგინა.
გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა. გასულ წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ ის ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა. ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების 27% მიიღო და „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად მეორე ტურში გავიდა, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.
2008 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი იყო, 2008-2012 წლებში კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.