„მინდა ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარების გამო საქართველოში ადამიანს ვეღარ დასჯიან.
„საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტ საბჭოთა სივრცეში არის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური, ანუ ადამიანებს ამ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების გამო ვეღარ დასჯიან ვეღარც სისხლის სამართლის წესით და ვეღარ ადმინისტრაციულად. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა იმ რაღაც ნარკო კარტერებს, რომლებიც არიან ქვეყანაში და რომლებიც ძალიან დიდ ფულს შოულობენ სააფთიაქო ნარკომანიით.
საკონსტიტუციო სასამართლომ დღესაც გაიმეორა და თქვა, რომ თუ ადამიანის ქმედება სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს, მაშინ ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს ის, რაც მას სურს.
სასამართლომ კიდევ ერთხელ გაავლო ხაზი სად გადის ადამიანის თავისუფლების ზღვარი და სად არის ის სფეროები, სადაც სახელმწიფო შეიძლება ჩაერიოს“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისათვის.
მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას, რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მცირე ოდენობით მარიხუანას მოხმარებისათვის ექიმის დანიშნულების გარეშე. სანქციის ზომა შეადგენს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოს 1-დან 6 თვემდე ვადით.