weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველ ერს ბოდიშს ვუხდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ხმა მივეცი – მირიან წიკლაური

14:59 სამშაბათი, 31 ივლისი 2018

„ევა გოცირიძემ და მერაბ ტურავამ ამიხსნან, მარიხუანას მოხმარება ადამიანს როგორ ავითარებს?! მათი მსჯელობა ყოველგვარ ცინიზმს სცილდება. აქამდე მეგონა, რომ ადამიანს წიგნის კითხვა, სპორტი ავითარებდა და თურმე, მარიხუანა ავითარებს“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მირიან წიკლაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა.

პირველ არხთან ინტერვიუში წიკლაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები გააკრიტიკა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ თავის დროზე, მათ ხმა მისცა. დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოხრეა.

„მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ, მოხმარება ყოველდღიური, ყოფითი ამბავი იქნება. ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის პოზიციაა, რომ

 ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანებმა უსინდისო გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ქვეყნისა და ერის ღალატის ტოლფასია.

გადაწყვეტილებამ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს, ამის პროგნოზი შეიძლება. უახლოეს მომავალში შესაძლოა, ეს კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს. შორეულ მომავალში მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ისეთი ორგანოსგან ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ხდებოდეს, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა. მომავალში, ასეთი ადამიანების არჩევის პროცესს უფრო ყურადღებით მივუდგები და ადამიანების წარსულსა და აწმყოს მეტად ჩავეძიები. ჩემი ბრალია და ერის წინაშე ბოდიშს ვიხდი, რომ ასეთი პიროვნებები ავირჩიე“, – ციტირებს „პირველი არხი“ მირიან წიკლაურის განცხადებას.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ მარიხუანას ლეგალიზების უკან, შესაძლოა, ნარკობიზნესი იდგეს: „ოფიციალური დამადასტურებელი საბუთი არ მაქვს, მაგრამ მოვლენათა განვითარების ლოგიკა მკარნახობს, რომ ამის უკან შეიძლება სერიოზული ნარკობიზნესი იდგეს“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც არიან მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი და ევა გოცირიძე, 30 ივლისს დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]