weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავისუფლებაზეა ორიენტირებული – პრეზიდენტი

16:49 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018

„მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, სრულიად უპასუხისმგებლოა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა.

პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 74% ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგია.

„ასეთ საკითხებზე გამოკითხვები რამდენად ადეკვატურად ასახავს მოსახლეობის შეხედულებას... მოდით ასე ვთქვათ, 74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. მე შემიძლია შევუერთდე ამ 74%-ს და ასევე შევუერთდე 90%-ს, ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა. შემიძლია, შევუერთდე 100%-ს მოქალაქეებისა, ვისაც მიაჩნია, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი, ზედმეტი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი, ცუდი და კარგი ჩვევა ერთია და მე ვიზიარებ იმ ადამიანის პოზიციას, ვისაც არც ალკოჰოლის მოხმარება, არც მარიხუანას, არც ნიკოტინის არ მიაჩნია სწორი, მაგრამ ეს ერთი საკითხია და მეორე საკითხია, რამდენად უნდა გვყავდეს ამის გამო ადამიანები ჩასმული ციხეში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ზღვრის გავლება.

ამ ზღვრის გავლების შინაარსიდან გამომდინარე, აქ ლაპარაკია, რომ ადამიანები ციხეში არ უნდა იყვნენ, ამის გამო, სრულიად სწორი, ღირებულებითად გამართული და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც მიიჩნევენ, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის კარგი, მაგრამ აქ ზღვარია, უნდა ვიცოდეთ - ერთი არის არ მოგწონდეს რაღაც და მეორეა ამის გამო ადამიანს ციხეში სვამდე. თავისუფალი საზოგადოება ამ ზღვარს ძალიან აფართოებს და რაც უფრო გავაფართოებთ ამ ზღვარს, მით უფრო თავისუფლები ვიქნებით, რაც უფრო მეტად მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს უფლებას, თვითონ აირჩიონ როგორ მოიქცნენ - ცუდათაც და კარგათაც. ამიტომ მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, სრულიად უპასუხისმგებლოა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში, ამ ბოლო დროს ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან და მარცხნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტებს თუ დავანგრევთ მთლიანად, ძალიან მაინტერესებს, ვინ დაიცავს მერე კანონს, ყველა ინსტიტუტს თუ შევარყევთ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 30 ივლისს დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მცირე ოდენობით მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს. სანქციის ზომა შეადგენს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოს 1-დან 6 თვემდე ვადით.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]