weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერ-მინისტრმა 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა

11:57 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მინდა წარვადგინო შალვა კერესელიძე. შალვა გახლავთ დუშეთში დაბადებული და კარგად იცნობს რეგიონის სპეციფიკას, მის პრობლემებს. მას აქვს დიდი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში. ის დღემდე ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს. მას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეგვიძლია შევიტანოთ დამატებით ინკლუზიური ხედვა და განვითარება ამ ულამაზეს რეგიონში.

ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ შოთა რეხვიაშვილს. როგორც მოგეხსენებათ ის იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სამართალდაცვით სფეროში და მჯერა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქვემო ქართლში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რეგიონის წინსვლისა და განვითარებისთვის.

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბესიკ ამირანაშვილს. დღემდე ის იკავებდა შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.

შიდა ქართლის რწმუნებულის პოსტზე წარმოგიდგენთ გიორგი ხოჯევანიშვილს. ის ბრუნდება სახელმწიფო სტრუქტურებში კერძო სექტორიდან. დღემდე იკავებდა თანამდებობას კომპანია „მაგთიკომში“. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი გამოცდილება და ამავე დროს იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ალექსანდრე მოწერილიას. ისიც სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან მოდის. აქვს საინტერესო ბიზნესპროექტების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს თავისი წვლილის შეტანას. გუბერნატორებთან ერთად, საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორების მოადგილეებსაც და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნება ნინო ვიბლიანი, რომელიც დღემდე მუშაობდა სოფელ ჭუბერში მერის წარმომადგენლად.

გურიის რეგიონის გუბერნატორად წარმოგიდგენთ ზურაბ ნასარიას. მას აქვს ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის საკითხებში. მჯერა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გურიაში ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ამ რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტების რეალიზაციის შედეგად, ჩვენ ვიხილავთ ეკონომიკურად მნიშვნელოვანწილად გააქტიურებულ ცხოვრებას გურიაში.

ბოლოს მსურს იმერეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ, შავლეგო ტაბატაძე. შავლეგო გახლავთ გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ ის ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან სწავლებებს. მონაწილეობდა საქართველოს სამშვიდობო მისიებში. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, პირადად მისი ავტორიტეტი ჩვენს ჯარისკაცებში არის საკმაოდ მაღალი. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთი წარსულის ადამიანს ვანდობთ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეგიონის ხელმძღვანელობა“.

პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა. გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დღეს გადადგა, ხოლო იმერეთს გუბერნატორი მას შემდეგ არ ჰყავდა, რაც გივი ჭიჭინაძემ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]