weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთის ელჩი - ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ აქვს უნივერსიტეტი

18:55 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

„საქართველოში არსებულ FETÖ-ს სტრუქტურას შეუწყდა დაფინანსება, მაგრამ ამ ორგანიზაციის წევრებს კვლავ აქვთ სურვილი, რომ თურქეთთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოდან განახორციელონ“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

სტატიის ქართული თარგმანი საქართველოში თურქეთის საელჩომ გუშინ გაავრცელა.

„თურქეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება მხოლოდ პირადობით გადაკვეთონ საზღვარი და საქართველოში იცხოვრონ 1 წლამდე ვადით. ამ მდგომარეობით ბოროტად სარგებლობენ როგორც ის პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს თურქეთში, ასევე, გაიძვერა და მოღალატე „ფეტო“-ს (ფეთულაჰის მომხრეთა ტერორისტული ორგანიზაცია) სტრუქტურებიც“, - აღნიშნავს ელჩი.

მისივე თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველო-თურქეთის მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებს ემუქრებიან. „სამწუხაროდ, „ფეტო“-ს საკითხზე საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინები ჯერ არ შესრულებულა და ვისურვებდით, რომ ამ საკითხზე გადაიდგას სერიოზული ნაბიჯი.

აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა“,- განაცხადა ელჩმა.

ფატმა ჯერენ იაზგანი შეეხო იმ საკითხსაც, რომ ურთიერთობები ერთიდაიგივე ინტენსივობით არ ვითარდება ყველა სფეროში. მაგალითად, საქართველოში მარიფის ფონდის სკოლის გახსნის პროცესიც არ მიმდინარეობს სასურველი ტემპით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU), რომელიც 1995 წელს თურქეთის ხელისუფლების ინიციატივი დაარსდა, სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. აკრედიტაციის საბჭომ ამის მიზეზად სახელმწიფოს წინაშე უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. საბჭოს არგუმენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა არ დასრულებულა, გარდა ამისა, ყადაღა, რომელიც დავალიანების გამო უნივერსიტეტის ქონებაზე იყო დადებული, შემოსავლების სამსახურის 4 ივნისის ბრძანებით გაუქმდა.

„ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს, რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებს მოემსახურებოდა. ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

IBSU-ს ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საბჭოს პოზიცია უსამართლო და დაუსაბუთებელია. უნივერსიტეტმა დახმარებისთვის არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]