როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის მიერ კანდიდატურის დასახელების პროცესს სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა.
„ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა ამ ვითარებაში, როდესაც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანასა და სასამართლოს სისტემას ძლიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრეზიდენტს ეს პროცესი უნდა გაეგრძელებინა“, - ამბობს ნინო ლომჯარია.
დაახლოებით ორკვირიანი კონსულტაციების შემდეგ, დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აღარ დაასახელებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განმარტა, „ქართულ ოცნებასთან“კონსენსუსი ვერ შედგა და ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის დასახელება შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება არ იქნებოდა.
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძემ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.