weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

„ძალა ერთობაშია“ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

18:15 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018
ფოტოზე თამარ ჟვანია ფოტოზე თამარ ჟვანია

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გაერთიანების წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად გადააქცია.

ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა აუდიომასალა, სადაც მისივე თქმით, საუბარია იმაზე, თუ როგორ აკომპლექტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს, როგორ აწვდის სიებს საოლქო კომისიებს და როგორ ხდება მათთან თანამშრომლობა. მისი თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ფეტვიაშვილი პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორ ნინო მაისურაძესთან. ჩანაწერებში ასევე საუბარია, რომ მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ ალეკო ცხოვრებაძესთან, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის თბილისის კომისიების კოორდინატორია.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ჩანაწერებით დასტურდება, რომ კენჭისყრამდე უკვე ცნობილია, ვინ იქნებიან საოლქო კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები.

„აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, გადადგეს თანამდებობიდან, რადგან ეს არის კრახი და ფაქტობრივად, საარჩევნო ადმინისტრაციების ნდობის ჩამოშლა. ის რაც ხდება კრწანისის საარჩევნო ოლქში, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში ხდება“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

ლევან ბეჟაშვილი კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს.

„მოვუწოდებთ ყველა საოლქო კომისიას, არ დაუშვან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან მოწოდებული სიებით საუბნო კომისიების არჩევა და კონკურსი ღია წესით ჩაატარონ. უნდა მოხდეს გასაუბრებების ჩანაწერების პირდაპირი ტრანსლირება სოციალური ქსელებით და ა.შ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს გაუჩნდეთ გარკვეული ნდობა ამ პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ქვეყანას დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია არ ჰყავს, არჩევნებს ატარებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გავრცელებულ ჩანაწერებს შეისწავლის.

„ცესკო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ მსგავსი ფაქტებით საარჩევნო პროცესს ჩრდილი არ მიადგეს და იმ შემთხვევაში თუკი რაიმე ტიპის დარღვევა დაფიქსირდება, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

25 აგვისტოს ცესკომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ პროვოკაციები ხორციელდება. როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში უცნობმა პირებმა დარეკეს და ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. კერძოდ, დატოვეს შეტყობინება, თითქოს კომისიის ხელმძღვანელი პირები რეგიონის ახალ გუბერნატორებთან შეხვედრაზე იყვნენ დაბარებულნი. მიქელაძის თქმით, სატელეფონო ზარები „ქართული ოცნების“ სახელის გამოყენებითაც ხორციელდებოდა. ამასთან, ცესკო არ გამორიცხავდა, რომ შესაძლოა საუბრის აუდიოჩანაწერები გავრცელებულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]