„ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან საფრანგეთმა ერთი საუკუნის მანძილზე ქართველებს, ემიგრანტებს, პირველ რიგში, დიასპორას, რომელიც წავიდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, დიდი დახმარება გაუწია და თავშესაფარი მისცა. მათ არა მხოლოდ განძი დაუბრუნა, როცა ექვთიმე თაყაიშვილი დაბრუნდა საქართველოში, არამედ შეუნარჩუნა ლევილის სასახლე. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა, აუცილებელია, რადგან არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 6 აგვისტოს განაცხადა. მანამდე კი საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა.
ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. როგორც მან განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა იმედი აქვს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.
„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ამ დრომდე უცნობია, დაუჭერს თუ არა პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს. ამასთან დაკავშირებით 27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „გვარებს განიხილავენ“.
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.