ე.წ. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, რაულ ხაჯიმბა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან „ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს და სირიულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას“ განიხილავს. მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს სამთავრობოთაშორისი კომიტეტის შექმნას, რომელიც ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების და კულტურის საკითხებზე იმუშავებს.
სირიის ხელისუფლებამ, რომლის მოკავშირეც რუსეთია, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ ქმედებების საპასუხოდ.