„ეს იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია. გახსოვთ სამოციან წლებში კომუნალური საცხოვრებლები? მართლა მგონია, რომ თქვენთან საბჭოთა ხელისუფლება დარჩა. ხალხი არ შემოუშვეს. ეს არის საბჭოთა აქანდაზის პრინციპი და სხვა არაფერი. სოხუმში ბაბუაჩემია დასაფლავებული. რამდენჯერაც წასვლა მომინდება, უნდა ვიკითხო? იქ, ალბათ, 20-30-ჯერ ვარ ნამყოფი“, - განაცხადა მალაშენკომ თბილისის აეროპორტში.
დღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, საქართველოში რუსული დელეგაციის წევრები – ალექსეი ტოკარევი, ვიქტორ ლიტოვკინი და გენადი ბორდიუგოვი არ შემოუშვეს. ისინი მედიაფორუმზე მომხსენებლები უნდა ყოფილიყვნენ.
საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო. კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტიდან. კანონის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.