weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კალაძე - ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობა წარსულში უნდა დარჩეს

00:43 კვირა, 11 ივნისი 2017

„თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მთავრობის წევრი თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

მინისტრი 10 ივნისს, თბილისში გამართულ ხალხმრავალ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი.

„მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ რეფორმის მხარდაჭერა სთხოვა პარლამენტს. რაც შეეხება თვითონ კონკრეტულ მომხდარ ფაქტს, ჩვენ, საზოგადოება სამართალდამცველებისგან პირველ რიგში ველით დახმარებას და სიმართლის დაცვას. ჩვენ ვენდობით მათ. ამიტომ, არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ჩვენი ხელისუფლების, უწყების ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა.

სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ მიდის შიდა მოკვლევა, სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე, ან ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს“, - განაცხადა კალაძემ.

სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს იუმორისტულ-სატირული ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრები მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) და გიორგი ქებურია (Kay G). შსს-ს მიერ 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეპერები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე არიან დაკავებულები. თავად რეპერები აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი დაკავების მიზეზი მუსიკალური ვიდეოა, სადაც რეპერებმა პოლიციელი გააშარჟეს. მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ მას ეკუთვნოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

10 ივნისს, საღამოს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა დაკავებული რეპერების პატიმრობიდან გათავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]