weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ზუგდიდის ყოფილი მერი კორუფციის საქმეზე – პროვოკაციის მსხვერპლი ვარ

15:40 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიმართ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უდანაშაულოა და პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. საქმე ეხება გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ლაშა გოგია რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ.

ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში მოხდება.

ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში, სამსახურებრივ მივლინებაში ვიმყოფებოდი. შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა, პირიქით, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიურად ვითანამშრომლო“, - განაცხადა ლაშა გოგიამ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გოგიას თქმით, ის თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ საქმის გამოძიებაზე გავლენის მოხდენასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილიყო. ყოფილი მერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და იდეებისთვის ერთგული მებრძოლი დარჩება.

„აქვე ვაცხადებ, ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება. მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ“, - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ზუგდიდის ყოფილმა მერმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და განმარტა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.

„რუსთავი 2“-მა 13 სექტემბერს გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია მერსა და მის მოადგილეს კორუფციაში ამხელს და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენმა ჩინოვნიკებს ათი ათასობით ლარი კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდების სანაცვლოდ გადაუხადა, თუმცა, თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩანაწერის მიხედვით, ზურაბ კვირკვიამ ფული ლევან შონიასაც მისცა, რომელიც იმ დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იყო. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გარიგება ზუგდიდში მდებარე რამდენიმე ობიექტს ეხება. კერძოდ, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და კვირკვიას ავტოსადგური, გულუას პარკი და რკინიგზის სადგური დაბალ ფასად უნდა გადასცემოდა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონიაც გამოიკითხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]