სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა კრიტიკული განცხადება ჟურნალისტების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე გააკეთა, ხოლო სასულიერო პირების ნაწილი, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროდ, იგივე პოლიტიკური მოძრაობაა“.
„როგორც პრეზიდენტს, როგორც პასუხისმგებელს ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, მემგონი, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“.
ორი დღის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა სალომე ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალი“ უწოდა. მეუფე ასე გამოეხმაურა ზურაბიშვილის ინიციატივას - სათავეში ჩაუდგეს კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის საინფორმაციო კამპანიას.
„თუ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანაფის საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგება სათავეში, შეიძლება „კანაფის დედოფალი“ გახდეს. არ ვიცი, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.