„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან.
მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
ბოლო დღეებში სასულიერო პირების ნაწილმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა. მათ შორის, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალი“ უწოდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ კი - „დაფრანგული“.
სასულიერო პირების კრიტკასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ“. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების ასეთი ჩართულობა მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.
მეუფე პეტრეს განცხადებას პლატფორმაში „არა ფობიას“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მიერ ამბიონიდან გაკეთებული განცხადება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს სცდება და ქსენოფობიურია.