„დიდი მადლობა. თქვენ ერთი ხმა გაქვთ“, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.
დარბაზიდან გაძევების შემდეგ, ასლან ვაშაყმაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზურაბიშვილს არ აქვს უფლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი, რადგან 2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა და „საარჩევნო კამპანია ამ ბრალდებით დაიწყო“. მისივე თქმით, ის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრას, რომელიც სამუშაო დროს ჩატარდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც.
თორნიკე რიჟვაძემ მომხდარ ინციდენტს იაფასიანი პროვოკაცია უწოდა: „რა თქმა უნდა, ამას ჩვენ დიდ ყურადღებას ვერ დავუთმობთ, რადგან ის საქმე უფრო მნიშვნელოვანია, რასაც ვაკეთებთ“.
დღეს დილით „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და მხარდამჭერები გააფრთხილა, რომ ბათუმში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის მხარდამჭერებს მოუწოდა, „არ აყვნენ „პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში შეინარჩუნონ სიმშვიდე“.
საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს. პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი“. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი პარტია რჩეულ კანდიდატს ფინანსურადაც დაეხმარება და შემომწირველებს მოუწოდებს თანხა საპრეზიდენტო კანდიდატის ფონდში ჩარიცხონ.